...

კატეგორიანაწარმოებები დრო2010-04-27

ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ,
მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე,
ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს,
იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.

ასე მირჩევნია, რომ არ მიგიჩვიო ახლოს,
ცხელი სუნთქვისაგან ჰაერს შეუზავო ორთქლი,
სუნთქვა რომელშიაც რაღაც ჩემეულიც სახლობს,
ბაგე რომლიდანაც რაღაც შენეული მოვთქვი.

სისხლი კალაპოტში აღარ დაგეტევა, მერე,
ვენებს საფეთქელთან ისე გაგიგიჟებს, - უმალ,
როკვას დაამსგავსებს გული არითმიულ ბგერებს,
ყეფენ საფეთქლები, ხოლო ბაგეები დუმან.

ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ,
მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე,
ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს,
იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.
ყურება
ავტორი: admin ნანახია: 735 კომენტარები: 0
დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე - 
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.

დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და 
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...

ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.

ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!...


ყურება
ავტორი: admin ნანახია: 886 კომენტარები: 0
ბაბას თოხზე შემოუსვამს მირაჟი,
მზე ჩადის და დღეებს წნელში ჩაფენილს,
ნენე ჩადებს მატყლის ნაქსოვ წინდაში,
საღამო კი ბორანოს სუნს აცრის,
წარსულია ახლა სულ ყველაფერი,
ოცი სახლი არის სოფლის ტირაჟი
და ცისფერი ბალახებით ნაფერი,
შურდულივით მოვარდება საცრის -

სათხოვებლად მეზობელის გოგონა,
ლამაზი და თან რარიგად ლამაზი,
ჩემი მზერა დაიჭიროს ოღონდ და
რას არ ვიზამ პოეტივით ბიჭი,
ოცნება მაქვს შვიდიათასსამასი,
ფიჩხებს ჩუმად შევაგროვებ კოცონთან
და იმ ციცას რომელიც მე მომწონდა
წამოვიწვენ ერთი ცალი ფიჭვის -

ბებერ ხესთან საიდანაც დუნიას,
ჩაკვნეტილი დაკვნესება ესმის...
მთელ სოფელს კი დილით ლექსის სუნი აქვს,
პატარა და უძინარი ლექსის.....................


ყურება
ავტორი: admin ნანახია: 726 კომენტარები: 0

სიცოცხლე ლიანდაგი, ცხოვრება სადგური, სადგური სხვადასხვა,
ან ზეცის სადგური, ან მკვლელის სადგური, სადგური დადებითი,
ლიანდაგები კი ჩემი და შენი და ვით სისხლის გადასხმა -
კვეთავენ ერთმანეთს ჩემი და შენი და ლიანდაგები კი
არიან თავისთვის, შენ მხოლოდ მოარგებ საკუთარ რონოდას,
ქალის თავიდან ქალაქის ბოლომდე ატარებ საკუთარ 
ცხოვრების ეტაპებს ქალაქის თავამდე, ქალაქის ბოლოდან
და იცი პოეტი ჩაგაცვეს და კუთავ და კუთავ -
თავისთვის შენი და სიყვარულს ჩამოსვამ სადგურზე გაფრენის,
გზა წავა, წავა და დრო და დრო დაგღლის და შეგაქანებს,
ძვლებში კი დაგრჩება სული და ხორცი ვით საფენი
თხლად შემოგეცმება როდესაც შენ შენი პოეტ მემანქანე,
გარითმავ ლიანდაგს აირჩევ კვლავ ახალ სადგურს და დიდებას,
რომელიც ვრცელი და გრძელია წინაზე გაცილებით
და ისიც იცი რომ წყალივით, წყალი - ვით სიკვდილი გჭირდება,
წყალში კი ბევრია უბრალო სიკვდილის ბაცილები.
უბრალოდ სიკვდილი ვის უნდა არავის, არ გინდა არც შენ და
ამ ლექსის რიტმივით სადგურში ირევა ხალხი და წამებით
დღეს ერთი პატარა სადგური ბათუმშიც აშენდა,
მინდა რომ მოვასწრო და გითხრათ სათქმელი და სანამ გავედით,
ვიტყვი რომ როდესაც მარტივი გვირაბი იქნება,
იცოდეთ, ვინ გიზის გვერდით და უბრალოდ რას შვება,
ჩავკიდოთ ხელი ხელს და ლექსის მთავარი მიგნებაც:
როდესაც შემოვა სინათლე არ შეგვრცხვეს ერთურთზე გაშვება -
ხელების. ლიანდაგი, ცხოვრება სადგური, სადგური სხვადასხვა,
ან ზეცის სადგური, ან მკვლელის სადგური, სადგური დადებითი,
ლიანდაგები კი ჩემი და შენი და ვით სისხლის გადასხმა -
კვეთავენ ერთმანეთს ჩემი და შენი და ლიანდაგები კი.....................

ყურება
ავტორი: admin ნანახია: 752 კომენტარები: 0

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! 
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, 
სანდომიან ცის ელვა და ფერი 
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე 
იწვოდა ნათელ ალთა კრებული, 
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე 
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა, 
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი. 
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა 
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი... 
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა... 
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი, 
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა 
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა... 
იყო ობლობა და შეცოდება, 
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი 
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა! 
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი 
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე, 
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს... 
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე 
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს 
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები 
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს, 
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა 
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი! 
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, - 
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება 
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები? 
რად აშრიალდა ჩემი ოცნება, 
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი, 
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს? 
ან "მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი, 
ან ვინ ისმენდა ჩემს "მე და ღამეს”?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი 
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული, 
და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი, 
ლირი, ყველასგან მიტოვებული.


მერი
გალაკტიონ ტაბიძე
 
ყურება
ავტორი: admin ნანახია: 863 კომენტარები: 0
ღამის ლეგენდა დაჰქრის, დასცურავს, 
ჩანგის სიმების მოისმის ჟღერა, 
თავდავიწყების სავსე მორევში 
დღეს ლხინს ეძლევა ქსანტე, გეტერა. 

ტკბილ ნეტარების მდუმარებაში 
აჰა, სიმღერის გაისმის ქარი, 
ხან ნაზი, როგორც თოლიას კვნესა, 
ხან მწველი, როგორც სატანის ქნარი. 

ველური ცეკვა, თასთა წკრიალი, 
მოწყენილ კაცთა ხარხარი მწარე, 
მელოდიური, გაძაფული ხმა 
და სინანულის ჰანგი მგზნებარე. 

ყველა ამ ხმებში დაგუბებულა, 
შეერთებულა და ადის ცამდე 
ჰანგი, შექმნილი ღვთის დასაგმობად 
და დაშვებული სინანულამდე. 

გაშუაღამდა. თასები ღვინით 
დაიცალა და ისევ ივსება, 
მოწყენილია რაღაც გეტერა, 
სხვა ყველა დათვრა, ის კი არ თვრება. 

საცაა ხომლი ჩაჰქრება ცაზე, 
მთვარის ნათელი დნება და ჰკვდება. 
ფანჯრის ფარდიდან დილის რიჟრაჟი 
აღმოსავლეთით ოდნავ იღვრება. 

და განთიადის თეთრი ღრუბელი 
აცურდა ისე, ვით იალქანი, 
და თრთის მხიარულ დღის მოლოდინში 
გაშიშვლებული გეტერას ტანი. 

უეცრად ვიღაც სტუმართაგანმა 
ფანჯარას ფარდა გადააცალა 
და განთიადის ელვარე სხივი 
მსწრაფლ გადმოიჭრა, ვით ცეცხლის ძალა. 

გააცხოველა და გაანათა 
გაშიშვლებული გეტერას ტანი, 
გარინდდა ამ დროს მთელი დარბაზი, 
არ ზის არც ერთი სტუმართაგანი. 

მათ წინ გეტერა იდგა, რომ სული 
სხეულისათვის მიეცა გრძნობით, 
მწუხარე - თავის უმიზნო ბედით, 
ამაყი - თავის მიმზიდველობით. 

ოქროსფერ თმებით შემობურულ შუბლს 
ღვთაებრივობის აჩნდა ნიშანი, 
მზის სხივზე თითქოს ოქროსი იყო 
გაშიშვლებული გეტერას ტანი. 

იმგვარად თეთრი, ვით მარმარილო, 
თრთოდა, ტოკავდა ძლიერი მკერდი, 
როცა იქავე მდგომმა მხატვარმა 
ურცხვ ქალს შესძახა: "ქსანტე, შეჩერდი! 

ქსანტე, მაგგვარად განაბე სული, 
ოჰ, არ დაიძრა, გთხოვ, გევედრები, 
გავავუკვდავებ მე მაგ შენს სხეულს, 
საუკუნეთა წაგიღებს ფრთები. 

ქარიშხლიანი შენი წარსული 
აღსდგება, რომ კვლავ გაიღოს ხმები, 
იცხოვრებ ქვეყნად მაშინაც, როცა 
სხეულით ქვეყნად აღარ იქნები!” 

სთქვა მოქანდაკემ... მაშინვე მიწა 
გადაურია, დასწნა, დაგრიხა, 
და წუთის უმალ უკვდავ ქანდაკად 
გადააქცია უბრალო თიხა, 

და აფროდიტას სახედ ტაძარში 
დასდგა, რომ მისთვის ეცათ თაყვანი, 
და დიდხანს, დიდხანს იცოცხლებს კიდევ 
გაშიშვლებული გეტერას ტანი. 

გამოგვიქროლებს ძველი ფიქრები, 
ოდნავ შეარხევს ოცნების აკვანს. 
არვინ იკითხავს, თუ რას ჩავდივართ, 
არვინ იკითხავს, თუ ვის ვცემთ თაყვანს, 

ან რომელს ვხედავთ ამ ერთ სახეში 
ან რაა ჩვენი ლოცვის საგანი, 
წმიდა ტაძარში თვით აფროდიტა 
თუ სათაყვანო გეტერას ტანი?

 
ყურება
ავტორი: admin ნანახია: 845 კომენტარები: 0

როცა გულაღმა წამოვწვები გაშლილ მდელოზე 
თვალს გავუსწორებ მზეს ლურჯ საბანში ცად მომცინარეს, 
ღრუბლის ეტლები გადაუფრენენ ფიქრებს ტკივილად 
როგორ გავუძლო, დროს უშენობით სევდად მდინარეს. 
რა ლამაზია შენზე ოცნების ყოველი წუთი, 
რა ლამაზია ბედნიერების ყოველი სუნთქვა, 
ის დაიდარდებს ვისაც ჩემსავით მონატრებია 
ვისაც ოდესმე ზღვა სიყვარულით სიტყვები უთქვამს. 
მხოლოდ შენ იცი რა დამრჩენია იმდენად ქვეყნად, 
მხოლოდ შენ იცი რად ველოდები ყოველ ცისნამ დღეს, 
მხოლოდ შენ იცი რას ნიშნავს როცა ვართ ერთად 
და რა ტკბილია გენატრებოდეს, გწამდეს, გიყვარდეს ... 
ყოველი ფოთლის ათრთოლება მაფხიზლებს მეტად... 
იქნებ ფეხშიშველს გამოგივლია ბალახზე ჩუმად, 
მომეპარები, ყურს მიჩურჩულებ მოვედი შენთან, 
მაგრამ ფოთლებიც ამ წუთებივით მოწყენით სდუმან. 
დავემალები მზეს, ჩემს პირ-სახეს დაჰკრავს აჩრდილი, 
ვერვინ იხილავს ღიმილს ანთებულს თვალებზე სანთლად, 
მე ხელს გაგიწვდი, დაე დავდუმდე ხელებგაწვდილი, 
შენს მოლოდინში, იმედმოკლული სამოთხის კართან.

ყურება
ავტორი: admin ნანახია: 1022 კომენტარები: 0
გაზაფხულის საამო დღე იდგა. ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივები ცელქად დასთამაშებდა ბალიშზე მიფენილ ოქროსფერ თმას და ზე ბრწყინვალებას მატებდა. გოგონას ეძინა , ანგელოზივით მშვიდსა და ლამაზს... იქვე საწოლთან მიმდგარ სკამზე კი ვაჟი ჩამომჯდარიყო და სევდიანად უმზერდა ქალს .. ქალს, რომლის მიტოვებასაც იგი აპირებდა...
  სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მერი ბრწყინავდა. გაშლილი ოქროსფერი თმა მხრებზე ეფინა, ტანზე მომდგარი ვერცხლისფერი კაბა კი განუმეორებელ ხიბლს მატებდა... ყველას მასთან სურდა ცეკვა, ყველა მას შესციცინებდა...
ზურამაც იქ შენიშნა პირველად თავისი ძმის თანაკლასელი. დაინახა და მოეწონა, მოეწონა და მოიტაცა.. მოტყუებით გამოიყვანა გარეთ, ძალით ჩასვა მანქანაში და... შემდეგ იყო ატირებული მერის ხვეწნა-მუდარა, უარი , გაბრაზებული მშობლების რისხვა, ერთი-ორი მუშტის ქნევა და ბოლოს.. ქორწილი...
თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ყველა კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, ნეფე,მაყარი... ყველა, გარდა პატარძლისა და იმ ერთისა... მერი ხომ სხვა რამეზე ოცნებობდა.. მას ზურას ძმასთან ერთად ჰქონდა გაპარვა გადაწყვეტილი... 
ბექას და მერის ერთმანეთი მესამე კლასიდან უყვარდათ , ყველასგან შეუმჩნევლად , ყველასგან მალულად..ნამდვილად უყვარდათ..
მხოლოდ ბექამ იცოდა რას ნიშნავდა პატარძლის თმაში ჩაბნეული შავი ვარდი, მხოლოდ მან...
მათი ცოლქმრობა არ იყო ბედნიერი, თუმცა(ღა) გარეგნულად ყველაფერი თავის ადგილას იყო , მანამ სანამ ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ ბექამ თავი არ მოიკლა, მერიმ კი გლოვა გამოაცხადა... მხოლოდ ამის შემდეგ დაეჭვდა ზურა მერის იდუმალ სიყვარულზე... ეჭვები კი მერის დღიურმა გაუმყარა.. ეს იყო წერილები ბექასადმი, მისი ტკივილი, აუხდენელი ოცნება , დამსხვრეული ბედნიერება და ფრთამოტეხილი სიყვარულის ისტორია...იყო გოდება ახალგაზრდა უმწეო ქალისა , საყვარელ მამაკაცთან სიახლოვისა და ამავ დროულად სიშორით გამოწვეული.. წერილი მთავრდებოდა სიტყვებით: " მე ვიცი შენი სიკვდილის მიზეზი და ისიც ვიცი რა მომკლავს მე "... ეს უკვე ზურამაც იცოდა...
  იგი უმზერდა მძინარე ცოლს.. ქალს, რომელიც არასდროს არ ყვარებია და რომელიც, მხოლოდ ახალგაზრდული ჟინის გამო მოიყვანა..უყურებდა პატარა ძმის ერთადერთ სიყვარულსა და ცხოვრების დიდ ტკივილს, და თვითონაც სტკიოდა... გრძნობდა რომ მისი ბრალი იყო ბექას სიკვდილი,
თავისი უბედურება და ისიც რომ, მის წინ იწვა ანგელოზივით ლამაზი გოგონა, რომელიც ვეღარასდროს იცინებდა გულიანად და აღარასდროს იქნებოდა ბედნიერი...
  ვაჟი სკამიდან წამოდგა, კიდევ ერთხელ , უკანასკნელად , შეხედა მძინარეს და სამუდამოდ გაიხურა კარი...


ყურება
ავტორი: admin ნანახია: 740 კომენტარები: 0
ნელი გამგზავრება, ჩუმი ნოსტალგია,
სველი გამაშები, ბალიშის არშია,
სველი სიყვარულის ვედრება წყვდიადში-
იყო სიყვარულის შობა განთიადში.
იყო სიყვარულის შობა განთიადში-
დროის უნებართვოდ, აკრძალვის პირისპირ
იყო ბალდახინი, შირმა, როიალი,
და სველი ვედრების ნატიფი ტრფიალი.


ყურება
ავტორი: admin ნანახია: 950 კომენტარები: 0
ღამემ მოგარგო ნატიფ ტანზე შავი მანტია.
თეთრი ჩრდილების ლიცლიცია უკვე სცენაზე.
შენთვის პარტერი წუთისოფლის დანამატია...
და ტაში დიდხანს, რეაგირებს გულის ძგერაზე.

"ბისზე," გიხმობენ!-ხალხს უჩვენე სახე უნიღბო,
დასჯილ ბავშვს გავხარ უხერხულად, რომ იღიმები.
სცენიდან სისხლი წვეთწვეთად, რომ ჩამოარიგო,
შენ პარტერიდან გიცქერიან ცივი ნიღბები.

სულით შიშვლდები!-როცა ცდილობ, ბრბო გააცინო....
და გძულს ცხოვრება, აბსურდების დიდი, თეატრი.
სხეულზე ზრუნვა, ბრბოს ზეციურ საზრდოს აცილებს,
წიხლზე კიდიათ მათ საბრალო კომედიანტი.

ღამემ მოგარგო ნატიფ ტანზე შავი მანტია,
თაფლისთვალებში მწუხრისფერი ჩანს დომინანტი.
ხშირად, ბაგეზე, ღიმილს, ცრემლის არომატი აქვს.
სულმოტირალი.... ბრბოს აცინებს კომედიანტი!....

ყურება
ავტორი: admin ნანახია: 924 კომენტარები: 1
1 2 »
"

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამა

ძებნა

რეკლამა

გამოკითხვა

მოგეწონა საიტი ?

სულ პასუხი: 372

არქივი