GEOWEB GROUP

გეტერა (გალაკტიონ ტაბიძე)

კატეგორიანაწარმოებები დრო2010-02-12, 11:06 PM



ღამის ლეგენდა დაჰქრის, დასცურავს, 
ჩანგის სიმების მოისმის ჟღერა, 
თავდავიწყების სავსე მორევში 
დღეს ლხინს ეძლევა ქსანტე, გეტერა. 

ტკბილ ნეტარების მდუმარებაში 
აჰა, სიმღერის გაისმის ქარი, 
ხან ნაზი, როგორც თოლიას კვნესა, 
ხან მწველი, როგორც სატანის ქნარი. 

ველური ცეკვა, თასთა წკრიალი, 
მოწყენილ კაცთა ხარხარი მწარე, 
მელოდიური, გაძაფული ხმა 
და სინანულის ჰანგი მგზნებარე. 

ყველა ამ ხმებში დაგუბებულა, 
შეერთებულა და ადის ცამდე 
ჰანგი, შექმნილი ღვთის დასაგმობად 
და დაშვებული სინანულამდე. 

გაშუაღამდა. თასები ღვინით 
დაიცალა და ისევ ივსება, 
მოწყენილია რაღაც გეტერა, 
სხვა ყველა დათვრა, ის კი არ თვრება. 

საცაა ხომლი ჩაჰქრება ცაზე, 
მთვარის ნათელი დნება და ჰკვდება. 
ფანჯრის ფარდიდან დილის რიჟრაჟი 
აღმოსავლეთით ოდნავ იღვრება. 

და განთიადის თეთრი ღრუბელი 
აცურდა ისე, ვით იალქანი, 
და თრთის მხიარულ დღის მოლოდინში 
გაშიშვლებული გეტერას ტანი. 

უეცრად ვიღაც სტუმართაგანმა 
ფანჯარას ფარდა გადააცალა 
და განთიადის ელვარე სხივი 
მსწრაფლ გადმოიჭრა, ვით ცეცხლის ძალა. 

გააცხოველა და გაანათა 
გაშიშვლებული გეტერას ტანი, 
გარინდდა ამ დროს მთელი დარბაზი, 
არ ზის არც ერთი სტუმართაგანი. 

მათ წინ გეტერა იდგა, რომ სული 
სხეულისათვის მიეცა გრძნობით, 
მწუხარე - თავის უმიზნო ბედით, 
ამაყი - თავის მიმზიდველობით. 

ოქროსფერ თმებით შემობურულ შუბლს 
ღვთაებრივობის აჩნდა ნიშანი, 
მზის სხივზე თითქოს ოქროსი იყო 
გაშიშვლებული გეტერას ტანი. 

იმგვარად თეთრი, ვით მარმარილო, 
თრთოდა, ტოკავდა ძლიერი მკერდი, 
როცა იქავე მდგომმა მხატვარმა 
ურცხვ ქალს შესძახა: "ქსანტე, შეჩერდი! 

ქსანტე, მაგგვარად განაბე სული, 
ოჰ, არ დაიძრა, გთხოვ, გევედრები, 
გავავუკვდავებ მე მაგ შენს სხეულს, 
საუკუნეთა წაგიღებს ფრთები. 

ქარიშხლიანი შენი წარსული 
აღსდგება, რომ კვლავ გაიღოს ხმები, 
იცხოვრებ ქვეყნად მაშინაც, როცა 
სხეულით ქვეყნად აღარ იქნები!” 

სთქვა მოქანდაკემ... მაშინვე მიწა 
გადაურია, დასწნა, დაგრიხა, 
და წუთის უმალ უკვდავ ქანდაკად 
გადააქცია უბრალო თიხა, 

და აფროდიტას სახედ ტაძარში 
დასდგა, რომ მისთვის ეცათ თაყვანი, 
და დიდხანს, დიდხანს იცოცხლებს კიდევ 
გაშიშვლებული გეტერას ტანი. 

გამოგვიქროლებს ძველი ფიქრები, 
ოდნავ შეარხევს ოცნების აკვანს. 
არვინ იკითხავს, თუ რას ჩავდივართ, 
არვინ იკითხავს, თუ ვის ვცემთ თაყვანს, 

ან რომელს ვხედავთ ამ ერთ სახეში 
ან რაა ჩვენი ლოცვის საგანი, 
წმიდა ტაძარში თვით აფროდიტა 
თუ სათაყვანო გეტერას ტანი?

 



ავტორი: admin ნანახია: {561} კომენტარები: 0





  

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამა

ძებნა

რეკლამა

გამოკითხვა

მოგეწონა საიტი ?

სულ პასუხი: 372

არქივი